საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

DSC07184-150x150არასამთავრობო ორგანიზაციის „სახელმწიფო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სტრატეგიული კვლევის ცენტრი“ საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალურ განვითარებას და გაძლიერებას ცალკეული პროექტების დაგეგმვითა და განხორციელებით. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ პოლიტიკურ პარტიებს, ჩამოყალიბდნენ დემოკრატიზაციისა და უფრო ეფექტიანი მმართველობის პროცესში  მოქმედ ისეთ მძლავრ ინსტიტუციებად, რომლებსაც აქვთ ამომრჩევლის დიდი ნდობა, რომლებიც სათანადოდ წარმოადგენენ საზოგადოების გარკვეული სექტორის, მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს და ქვეყანაში მოქმედ სხვა ინსტიტუციებთან ერთად ახერხებენ საზოგადოების, მოქალაქეების წინაშე მდგარი ამოცანების თანამიმდევრულ გადაჭრას და ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მდგრადი განვითარების მიღწევას.

ჩვენი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლისა და ფუნქციონირების განმტკიცება და ამ მიზნით ცალკეული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

პოლიტიკური პარტიები თანამედროვე დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. პარტიული სისტემის ეფექტიანი ინსტიტუციონალური ფუნქციონირების დონე ხშირად გამოიყენება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის საზომადაც.

პოლიტიკური პარტიები საკვანძო როლს ასრულებენ კარგად განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ისინი, თუ შეიძლება ითქვას,  ახდენენ კონცენტრირებას ქვეყნის მოქალაქეების  ინტერესებისა, და წარმოდგენენ მათ, ქმნიან პოლიტიკურ პროგრამებს, რომლებიც  საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული. პოლიტიკური პარტიები უნდა წარმოადგენდნენ უმნიშვნელოვანეს შუამავალს, დამაკავშირებელ რგოლს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის. რეალურად, ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი განვითარებად და გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში, პოლიტიკური პარტიები სუსტია; ისინი ვერ ახერხებენ წარმოაჩინონ მოქალაქეების ინტერესები. ამის მიუხედავად, ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ასეთ ქვეყნებს ეხმარებიან, ერთხმად აღიარებენ, რომ პოლიტიკური პარტიების როლი ქვეყნის შიგნით უკეთესი მმართველობის ფორმირებაში და უფრო ეფექტიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია.

პოლიტიკური პარტიების სისტემის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც დემოკრატიის დამკვიდრება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ქართული დემოკრატია კი, რომელიც არსებობის სულ რაღაც ორ ათეულ წელს ითვლის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და არამყარია, თუმცა განვითარების ის პროცესი და ის ფართო სპექტრი სხვადასხვა ინსტიტუციებისა, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისათვის იღვწიან, ნამდვილად იმედის მომცემია და იმის მანიშნებელი, რომ პროგრესი აშკარად სახეზეა  და ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს წლებში ამ მიმართულებით კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგები იქნება მიღწეული.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი და აკადემიური სექტორიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სისტემა სუსტია, რაც გამოიხატება სუსტი მრავალპარტიული ან დომინანტური პარტიული სისტემის თვისებებით. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალი პარტია ფუნქციონირებს, ნამდვილად ძლიერ პარტიად მხოლოდ ერთი პარტია შეიძლება დახასიათდეს, ვინაიდან პარტიის სიძლიერეს არჩევნებში მოპოვებული წარმატება განაპირობებს, რადგან გამარჯვებული მხარე მთლიანად ეუფლება სახელმწიფოს მართვის სადავეებს.  ერთი რომელი კონკრეტული პარტიისა და სახელმწიფოს გაიგივება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კი საქართველოსთვის ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან არის დამახასიათებელი და ის საბჭოთა რეალობისთვის დამახასიათებელი მენტალიტეტის გადმონაშთს წარმოადგენს.

მეორე ასპექტს წარმოდგენს ის გარემოება, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში და საერთოდ- პოლიტიკაში ცენტრალურ ადგილს ხშირად ცალკეული პიროვნებები იკავებენ, და ხდება პარტიების გაიგივება მათ ლიდერებთან. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების პიროვნებებით გადაფარვა კი ასუსტებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მყარი პოლიტიკური პლატფორმების საჭიროებას. არჩევნების დროს ხმის მიცემა თითქმის საერთოდ არ უკავშირდება პარტიების პროგრამებს; ეს კი, თავის მხრივ, მიუთითებს სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლების საჭიროებაზე.

ყოველივე ამ ზემოჩამოთვლილმა და სხვა ცალკეულმა ფაქტორებმა განსაზღვრა სწორედ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახლანდელი მდგომარეობა. ქვეყანაში  ადგილი აქვს ოპოზიციის დაქსაქსულობას (რაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გარე დამკვირვებლისთვისაც ადვილი შესამჩნევია), იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური სპექტრი, იდეოლოგიური თვალსაზრისით, მკვეთრად არ არის დაყოფილი; პარტიებს ხშირად უჭირთ ერთმანეთთან პროდუქტიული თანამშრომლობა. ეს სირთულე კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იძენს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობებში.

საქართველოში მოქმედი პარტიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა, და შიდა მენეჯმენტის უკიდურესი ცენტრალიზაცია, რაც იმაში ვლინდება, რომ პარტიას, ფაქტიურად, მისი სათაო ოფისი წარმოადგენს, რეგიონებში კი უმეტესად პოლიტიკური პარტიების სუსტად განვითარებული ქსელი არსებობს. პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენლები, ფაქტიურად, ცენტრალური მენეჯმენტისგან დამოუკიდებლად, ვერ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ქვეყანაში დღეს მიმდინარე მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმირებასთან ერთად საჭიროა შიდაპარტიული დეცენტრალიზაციის განხორციელება, რათა პარტიების საქმიანობა იყოს უფრო მოქნილი და ეფექტიანი.   ეს საკითხი პრობლემატურია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენის, არამედ პარტიების მიერ წევრების მოზიდვის შესაძლებლობის, ეფექტიანი წინაასაარჩევნო კამპანიების ჩასატარებლად და ა.შ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პარტიები უფრო მეტ აქცენტს არჩევნებსა და პოლიტიკაზე ახდენენ, რის გამოც მათ მიერ ადგილობრივი პოლიტიკისთვის უფრო აქტუალურ საკითხებს, მ.შ. სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზების ძიებას და რეალიზებას ნაკლები ყურადღება ეთმობა.  საქართველოში პარტიების აქტივობა, უპირატესად, ვლინდება არჩევნების წინა პერიოდში ამომრჩეველთა მხრიდან რაც შეიძლება მეტი ხმების მიღების მიზნით; ხოლო ქვეყნის, მისი ცალკეული რეგიონებისთვის აქტუალური  სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ხასიათის საკითხების მოგვარებას მათი მხრიდან არჩევნებს შორის პერიოდში  ნაკლები ყურადღება ეთმობა.

ამასთანავე, ძალზედ ხშირად ვხვდებით პოლიტიკურ იდეოლოგიათა აღრევას პარტიულ მოწოდებებში. სინამდვილეში კი პოლიტიკური პარტია ტრადიციული გაგებით, არის გარკვეული ჯგუფის ინტერესების გამომხატველი და არა საყოველთაო ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.

ყოველივე ეს კი იწვევს ამომრჩევლის მუდმივ გაურკვევლობას, რომელიც ვერ ახერხებს ტრადიციული პოლიტიკური სიმპათიის ჩამოყალიბებას. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმგვარი, დასავლეთის დემოკრატიებში ფორმირებული პოლიტიკური კულტურის განვითარება, როცა პოლიტიკურ ორგანიზაციებს კონკურენციისა და თანამშრომლობის გარკვეული სტაბილური მექანიზმები უყალიბდებათ. ეს გარემოება კი ქმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია დემოკრატიის შექმნა, თუკი პარტიულ პოლიტიკურ სისტემას პოზიტიური განვითარების დინამიკა არ გააჩნია.

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები  თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი, ეფექტიანი ინსტიტუციონალური ბაზის მქონე პარტიების ფუნქციონირებას  დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ „ხელი უნდა შეუწყოს უფრო ფართო პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლისა და ფუნქციონირების განმტკიცებას გულისხმობს“.

ვენეციის კომისიამ 2008 წელს მიიღო საუკეთესო პრაქტიკის კოდექსიპოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც, მართალია, არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და ვერ აწესებს წესებს და ვერ ითხოვს მათ შესრულებას საჯარო მოხელეების მხრიდან, თუმცა, მისი მიზანია პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიის გაძლიერება და მოქალაქეთა თვალში მათი მნიშვნელობის ამაღლება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუციების გაუმჯობესებას და სტიმულს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. იმ პრინციპებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელიც ამ დოკუმენტშია შემოთავაზებული, კოდექსის ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება პარტიების მიერ თავიანთი წევრებისთვის სამოქალაქო და პოლიტიკურიკუთხით ტრეინინგების ჩატარების საჭიროებას.

ზემოაღნიშნული ამ გარემოებების გათვალისწინებით, და იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიის განვითარებას ესაჭიროება ძლიერი და მდგრადი პოლიტიკური პარტიების არსებობა, რომლებსაც უნარი შესწევთ, წარმოადგინონ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები და შესთავაზონ ქვეყნის და საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზები,  ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერისპროგრამა, რომელიც  გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის- ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების კვლევა, შიდა და გარე ფაქტორების ანალიზი; ინტერპარტიული დიალოგის გაუმჯობესება; სტრატეგიული ამოცანების იდენტიფიცირება; წინასაარჩევნო პერიოდში ეფექტიანი საარჩევნო კამპანიის შემუშავება და ჩატარება, და ა.შ.  ეს ღონისძიებები განხორციელდება სხვადასხვა ცალკეული პროექტების სახით. ამ მიზნით, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს  თანამშრომლობას ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სხვადასხვა დონორ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ამავე საკითხებზე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი პროგრამის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდება რეგიონებში მოქმედი პარტიების მხარდაჭერაზე და მისი  ბენეფიციარები იქნებიან ქვეყანაში მოქმედი ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი საფუძველი და პოტენციალი ეფექტიან დემოკრატიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისა, რომელიც სამომავლოდ შეძლებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეძლებს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი პროექტებში მონაწილე (ბენეფიციარი) პარტიების შერჩევა მოხდება თავად ამ პარტიების მხრიდან დაინტერესების საფუძველზე, მათთან და შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად.