პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერის პროექტი

DSC07180-150x1502010 წლის ნოემბრის ბოლოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიულ კვლევით ცენტრს შორის პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად გაფორმდა ხელშეკრულება გრანტის გამოყოფის შესახებ.

პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერის პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერას.

პროექტის გრძელვადიანი მიზანია დაეხმაროს პოლიტიკურ პარტიებს ინსტიტუციური უნარ-შესაძლებლობების გაძლიერებაში და მდგრადი განვითარების მიღწევაში თავისი საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით. ეს დახმარება მიმართული იქნება იმისათვის, რომ პარტიები ჩამოყალიბდნენ მძლავრ, აქტიურ მონაწილე მხარეებად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სათანადოდ წარმოაჩინონ მოქალაქეების ინტერესებს, ეფექტიანად შეასრულონ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ერთგვარი შუამავლის როლი, შეძლონ ქვეყნის, მისი ცალკეული რეგიონების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური სახის პრობლემებზე სათანადოდ რეაგირება და მათი მოგვარების გზების დასახვა, და მთლიანობაში – ხელი შეუწყონ ქვეყნის, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მავალი სახელმწიფოს პოტენციალის გაძლიერებას.

პროექტის მოკლევადიანი მიზნებია საქართველოში, კერძოდ- კახეთის რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უნარ-შესაძლებლობების, შიდა პარტიული მენეჯმენტისა და ინსტიტუციური მოწყობის კვლევის განხორციელება, რათა განისაზღვროს პრობლემური სფეროები და ის საჭიროებები, რომლებიც პარტიებს გააჩნიათ ამ ეტაპზე. ამ კვლევის საფუძველზე შემდგომ ჩვენ ვგეგმავთ პარტიების შიგნით საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც, ასევე, მოიცავს სწავლებების ჩატარებას სხვადასხვა თემაზე. ამ მიზნით, ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პოლიტიკური გაერთინების წევრების მომზადებას ეფექტიან ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ეფექტიანი საარჩევნო პროცესების დაგეგმვაზე და მთავრობასა და პარლამენტთან ურთიერთობაზე. შემდგომ ეს წევრები, თავის მხრივ, პარტიის წევრებს მიაწვდიან ცოდნას და საბაზისო უნარ-ჩვევებს. ოპტიმალური ვარიანტია, თუკი ეს პარტიების წევრები, რომლებიც გაივლიან სათანადო მომზადებას და შემდეგ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ თავიანთი პარტიების წევრებს და ამომრჩევლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით (ტრენინგების ჩატარებას ჩვენ ვგეგმავთ პარტიების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპზე).

ამ პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება და გამოიცემა სახელმძღვანელოები და სამაგიდო წიგნები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერის ფართო მასშტაბიანი პროექტის ზემოქმედების არეალს. ამგვარი ღონისძიება პარტიების წარმომადგენელებს მიაწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მათ შიდა პარტიული მენეჯმენტის გაუმჯობესებაში და უფრო ეფექტიანი პარტიული სტრატეგიის შემუშავებასა და რეალიზაციაში, ასევე წინასაარჩევნო პერიოდებში უფრო ეფექტიანი საარჩევნო სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

პროექტის ამოცანები პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე არის შემდეგი:

1) კვლევის ჩატარება პოლიტიკური პარტიების უნარ-შესაძლებლობების, შიდა მენეჯმენტის და განვითარების საჭიროებების შესწავლის მიზნით. ეს გულისხმობს კვლევისათვის საჭირო მეთოდოლოგიის განსაზღვრას, მ.შ. სპეციალური კითხვარების შემუშავებას; უშუალოდ- კვლევითი სამუშაოს ჩატარებას შერჩეულ რეგიონში (კახეთი) წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად; კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; კვლევის შედეგების გაცნობა პროექტის ბენეფიციარებისა და ამ ინფორმაციით დაინტერესებული სხვა მხარეებისათვის;

2) ტრენინგების ჩატარება კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოთქმული დაინტერესების საფუძველზე შედგენილი სასწავლო პროგრამების მიხედვით, რომლებიც შეეხება როგორც პარტიების შიდა ინსტიტუციონალური მოწყობის, ასევე ეფექტიანი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვისა და სხვა აქტუალურ საკითხებს, დასავლეთის მოწინავე დემოკრატიის ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და ა.შ.

3) პოლიტიკური პარტიებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა, რომლებიც დაეხმარება მათ შიდა პარტიული მენეჯმენტის გაუმჯობესებაში და უფრო ეფექტიანი პარტიული სტრატეგიის შემუშავებასა და რეალიზაციაში, ასევე წინასაარჩევნო პერიოდებში ეფექტიანი საარჩევნო სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.