ეფექტიანი შიდა პარტიული მენეჯმენტი და საარჩევნო კანონმდებლობა

TrainingCenter0331-150x150მიმდინარე წლის 28-დან 30 იანვრის და 11-დან 13 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის მიერ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის, თელავი, ახმეტა, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი და ყვარელი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ქალაქ თელავსა და ქალაქ სიღნაღში ჩატარდა სასწავლო კურსი თემაზე „ეფექტიანი შიდა პარტიული მენეჯმენტი და საარჩევნო კანონმდებლობა“.

ტრეინინგების ჩატარებაში და მათი წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის ტრენერებმა, ქალბატონმა ირმა თოდუამ, ბატონებმა ალექსი შოშიაშვილმა და შოთა ხუჯაძემ.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ ოთხ თემატიკას:

შიდა პარტიული სტრუქტურები და პროცესები;
პარტიების საქმიანობის გამჭვირვალობა;
პარტიების გავლენის არეალის გაფართოება;
საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო პროცედურები.
იმისათვის, რომ ტრეინინგის მონაწილეთათვის ზემოაღნიშნული ოთხი თემა საინტერესოდ მიგვეწოდებინა, სასწავლო კურსის ჩასატარებლად გამოვიყენეთ საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მასალები.

სასწავლო კურსის პროცესში მონაწილეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ტრეინინგის მთელი ციკლი ატარებდა ინტერაქტიულ ხასიათს; ტრენერებმა გამოიყენეს სხვადასხვა სავარჯიშოები და პრაქტიკული მაგალითები საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებიდან; განხილულ იქნა უცხოეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ისტორიიდან ცალკეული შემთხვევები (Case Study), რომლის დროსაც მონაწილეებს ეთხოვათ, თავად მოეძებნათ, მათი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც თავის დროზე აღმოჩნდნენ მოცემული პარტიები (კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი).

ტრენერები თავიანთი შესაბამისი თემების წარდგენისას იყენებდნენ პაუერ-პოინტის პროგრამით მომზადებულ მასალებს პროექტორის გამოყენებით (შესაბამისი მასალები აგრეთვე დაურიგდათ კურსის მსმენელებს).

ტრეინინგის ბოლოს მონაწილეებს ვთხოვეთ, სასწავლო კურსის შეფასებასთან დაკავშირებით შეევსოთ ოთხი კითხვისგან შემდგარი მინი-კითხვარი. მასზე გაცემულმა პასუხებმა და ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებთან ტრეინინგის მონაწილეთა უშუალო საუბარმა გვიჩვენა, რომ ამ სასწავლო კურსმა მათში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია (კითხვარში დაფიქსირებული მოსაზრებები ასახულ იქნება კვლევის ანგარიშში, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდება). მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ეს სასწავლო კურსი შემდგომშიც გაგრძელდეს დამატებითი ტრეინინგების სახით, და ისურვეს, რომ ამ ტრეინინგებზე განხილულ იქნას ისეთი საკითხები, როგორიცაა პარტიების საქმიანობის დაფინანსების მექანიზმები, ეფექტიანი წინასაარჩევნო კამპანია, და ა.შ.

დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.